გიორგი ცაგარელი დაიბადა თბილისში 1986 წელს. სწავლობდა თბილისის, დეტმოლდის, ლაიფციგისა და ბაზელის კონსერვატორიებში.
როგორც სოლისტი თანამშრომლობდა ესტონეთის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან, ბაზელის საფესტივალო ორკესტრთან, ლაიფციგის ახალგაზრდულ ორკესტრთან, რიეკას ოპერის სიმფონიურ ორკესტრთან, ტალინის ახალგაზრდულ სიმებიან ორკესტრთან, პიარნუს და ტესალონიკის სიმფონიურ ორკესტრებთან, აზერბაიჯანის სახელმწიფო ორკესტრთან, უკრაინის ნაციონალურ ფილარმონიულ ორკესტრთან, ამასთანავე თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან, საქართველოს სინფონიეტასთან, საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და სამების ტაძრის საპარტიარქო გუნდთან.
ქონდა გამოსვლები ისეთ აღიარებულ სოლისტებთან ერთად, როგორიცაა გიდონ კრემერი, ნატალია გუტმანი, ანდრეს მუსტონენი, არიელ ცუკერმანი, მარინე იაშვილი, კოლია ბლახერი, ბორის ანდრიანოვი, ალექსანდრ ბუზლოვი, გიედრე დირვანაუსკაიტე, ქსენია ბაშმეტი, ანდრეას ზლაბისი, მიხაილ მუნტიანი, ანიტა რაჭველიშვილი, მარიო სტეფანო პიეტროდარკი და სხვ. ასევე ითანამშრომლა საერთაშორისო საბალეტო სცენის ვარსკვლავთან - ნინო ანანიაშვილთან.
2014 წელს გიორგი ცაგარელმა ნიკოლოზ რაჭველთან ერთად ჩაწერა გია ყანჩელის „მინიატიურები ვიოლასა და ფორტეპიანოსათვის“, რომელიც კომპოზიტორმა სწორედ ამ შემსრულებლებს მიუძღვნა.
იგი გახლავთ ბერიოს, ფელდმანის, ქსენაკისის, სტრავინსკის, პენდერეცკის, ლიგეტის, პიარტის, ყანჩელის და მანსურიანის ვიოლასთვის შექმნილი ნაწარმოებების პირველი შემსრულებელი საქართველოში. 2008 წელს გიორგიმ შეასრულა სულხან ცინცაძის 1987 წელს შექმნილი ვიოლას კონცერტის მსოფლიო პრემიერა საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ასევე მისი შესრულებით შედგა ზვიად ბოლქვაძის ნაწარმოების “In Memoriam“ (ვიოლას, სოპრანოს, მამაკაცთა გუნდისა და ორკესტრისათვის) პრემიერა, რომელიც შეიქმნა ეროვნული მუსიკალური ცენტრის დაკვეთით სპეციალურად გიორგი ცაგარელისთვის. ტიგრან მანსურიანის ნაწარმოების „არიები ვიოლასა და ფორტეპიანოსათვის“ ქართული პრემიერა 2015 წელს შედგა გიორგი ცაგარელისა და თავად კომპოზიტორის შესრულებით.
2016 წლის იანვარში გიორგი ცაგარელმა მიიღო უმაღლესი სახელმწიფო პრიზი - წინანდლის პრემია, გია ყანჩელის „სტიქსის“ საუკეთესო შესრულებისათვის, რომელიც შედგა ფესტივალი Young Euro Classic-ის ფარგლებში, ბერლინის კონცერტჰაუზში 2015 წლის აგვისატოში, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით.
2019 წლიდან გიორგი ცაგარელი არის გრემის მფლობელი კამერული ორკესტრი „კრემერატა ბალტიკა“-ს მიწვეული სოლისტი, რომელსაც გიდონ კრემერი ხელმძღვანელობს.
2017 წელს გიორგი ცაგარელმა დააფუძნა სიმებიანი ორკესტრი Zagareli & Strings. ანსამბლი თანამშრომლობს post minimalist, live electronic, Ambient, Hip-Hop და კლასიკური მუსიკის არტისტებთან. მონაწილეობდა ისეთ ფესტივალებში, როგორიცაა: შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი, თბილისის Open Air ფესტივალი, ფრანკფურტის River Bank ფესტივალი, Sofar Sounds, არტარეას ფესტივალი და სხვ.
აღსანიშნავია მისი თანამშრომლობა ალექსანდრე კორძაიასთან a.k.a. Kordz, KayaKata, ნიკა მაჩაიძესთან a.k.a. Nikakoi, ნატალია TBA ბერიძესთან, ფრედერიკ რობინსონთან, ანუშკა ჩხეიძესთან, Tete Noise, vazhmarr და ნიკა კოჩაროვთან.